მარიანა ოკლეის,სიმონ ნაცვლიშვილის და კიტი მაჩაბელის სტატიების გაერთიანების საშუალებით, სადაც ისინი წერენ სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებაზე,მის პერსონაზე,შევეცდები ერთგვარი წარმოდგენა შეგიქმნათ მასზე და მის მოღვაწეობაზე.
![]() |
სოლიკო ვირსალაძე |
სოლიკო 10 წლის იყო, ოპერის თეატრში პერინის საბალეტო სტუდიაში რომ შეიყვანეს. მასთან ერთად ვახტანგ ჭაბუკიანი და ნინო რამიშვილიც დადიოდნენ. შემდეგ სწავლობდა მ. თოიძის სტუდიაში, პარალელურად ესწრებოდა ქორეოგრაფიული სტუდიის მეცადინეობას. თბილისის სამხატვრო აკადემიაში ერთწლიანი კურსის შემდეგ, 1928 წელს, სწავლა განაგრძო საკავშირო სამხატვრო ტექნიკურ ინსტიტუტში ფერწერის ფაკულტეტზე. დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის ნატიფ ხელოვნებათა აკადემია. იყო რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრი. 1931 წლიდან კოსტიუმების დიზაინერი იყო ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილისთვის, ხოლო 1945 წლიდან ქართული სახელმწიფო ბალეტის ანსამბლისთვის.1930 წელს, როდესაც მოსკოვის სამხატვრო ინსტიტუტის თეატრალური განყოფილება და ლენინგრადის სამხატვრო აკადემია გაერთიანდა, სოლიკო ვირსალაძე სასწავლებლად ლენინგრადში წავიდა და 1931 წელს ბობიშევის კლასი დაამთავრა. ურთიერთობა გამოჩენილ მხატვრებთან ხელს უწყობდა სოლიკო ვირსალაძის ბუნებით მომადლებული მხატვრული გემოვნების დახვეწასა და განვითარებას.თბილისში დაბრუნების შემდეგ შექმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნამუშევარი, რომელთაგან აღსანიშნავია ზ. ფალიაშვილის “დაისი” (1936), სადაც იგრძნობა ფერწერისა და კონსტრუქტივიზმის სინთეზი. ვირსალაძის ნამუშევრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფერს, რომელიც ზუსტად ერწყმის სპექტაკლის იდეურ აზრს და მუსიკის ემოციურობას.1937 წელს ქ. ლენინგრადში გააფორმა ვ. ჭაბუკიანის მიერ დადგმული ბალეტები ა. ბალანჩივაძის “მთების გული” (1938), ა. კრეინის “ლაურენსია” (1939) და სხვ. სოლიკო ვირსალაძე მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში (1932-36), ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრში (1940-41 და 1945-62) მთავარ მხატვრად. სპექტაკლები გაფორმებული აქვს დიდ თეატრშიც.
1957 წლიდან ვირსალაძე მუშაობდა ბალეტმაისტერ იური გრიგოროვიჩთან.
![]() |
სოლიკო ვირსალაძე და იური გრიგოროვიჩი (1957წ) |
მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარი ლენინგრადში იყო “ქვის ყვავილი”. 1960 წელს მას მოჰყვა თორმეტი ბალეტი ბოლშოის სცენაზე მოსკოვში: “სპარტაკი”, “მაკნატუნა”, “გედების ტბა”, “ლეგენდა სიყვარულზე”, “რომეო და ჯულიეტა”, “ივანე მრისხანე”.
ვირსალაძის ფერწერული დეკორაციები შექმნილია ტრადიციული შტამპების გარეშე. დეკორაციებს აგებს “ერთიანი სურათის”, დაზგური ტილოს პრინციპებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერის დინამიკა. ვირსალაძის შემოქმედებამ მთელი ეტაპი შექმნა თეატრალურ-დეკორატიულ ხელოვნებაში. მისი მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: პ. ჩაიკოვსკის “ევგენი ონეგინი”, “გედის ტბა”, “მძინარე მზეთუნახავი”, “მაკნატუნა”, მ. მინკუსის “დონ კიხოტი”, “შოპენიანა” ფ. შოპენის მუსიკაზე, ა. მაჭავარიანის “ოტელო”, ვ. მოცარტის “დონ ჟუანი” და სხვ.(საბჭოთა ქართული ენციკლოპედია 1981)
ამ უაღრესად ნიჭიერ და ერუდირებული ხელოვანის შემოქმედება იმ საუკეთესო მხატვრულ ტრადიციათა საფუძველზე აღმოცენდა, რომლებიც საქართველოში სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის, თეტრალურ-დეკორაციული ჟანრის განვითარების შედეგად ჩამოყალიბდა.
სსრკ სამხატვრო აკადემიის წევრი,სსრკ სახალხო მხატვარი,ლენინური და სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატის სოლიკო ვირსალაძის ნამუშევრების მიმართ გულგრილი ვერავინ რჩებოდა.სიმონ ნაცვლიშვილი აღნიშნავს,რომ საოცარი ფანტაზიითა და უმაღლესი პროფესიონალიზმით დაჯილდოებული ოსტატის სახელი ორგანულად არის დაკავშირებული საბჭოთა კავშირის დიდი თეატრის შემოკმედებით ცხოვრებასთან,მის მიღწევებსა და წარმატებასთან.(სიმონ ნაცვლიშვილი "სოლიკო ვირსალაძე დიდ თეატრში" თეატრალური მოამბე. - 1976. - N3. - გვ.42)
სოლიკო ვირსალაძეს ცოლ–შვილი არ ჰყავდა. ამბობდა, რომ ხელოვნებაზე იყო დაქორწინებული. შვილებად – დისშვილებს, შვილიშვილებად დის შვილიშვილებს თვლიდა. (მზეხა მახარაძე გაზეთი "24 საათი" 05.02.12)
სოლიკო ვირსალაძე ყოველთვის აღნიშნავდა,რომ დიდი სიყვარული მუსიკის,მხატვრობისა და ხელოვნებისადმი მას ოჯახმა ჩაუნერგა.
ვირსალაძის ნამუშევრები იპყრობდა,ატკბობდა მაყურებელს,იქნებოდა ეს სპეკტაკლის ფარდა,თუ პროლოგის ან ეპილოგის სცენები.
მისი სპეკტაკლების დეკორაციები,პერსონაჟთა კოსტუმების ესკიზები გამორჩეული იყო შესრულების ტექნიკის ვირტუოზულობით,გონებამახვილობით,შუქ–ჩრდილის კონათა თამაშითა და სივრცობრივი გადაცყვეტით.
პერსონაჟთა კოსტუმების მონუმენტურობა და ფერთა საოცარი შერწყმა წარუშლელ შთაბეჩდილებას ტოვებდა მაყურებელზე.
მის ნამუშევრებში ფერი გვევლინება უაღრესად ქმედით ელემენტად აღნიშნავს კიტი მაჩაბელი.სოლიკოს ასევე დიდი ღვაწლი მიუძღვის ეროვნული კოსტუმების პრობლემის ორიგინალურ გადაჭრაშიც.(კიტი მაჩაბელი საბჭოთა ხელოვნება - 1984. - N11. - გვ.60-64)
სოლიკო თამამად ამკვიდრებდა ახალს,უჩვეულოს,მხოლოდ მისთვის დამახასიათებელს,იგი სრულყოფდა საბალეტო ხელოვნებას.
მაგრამ სოლიკო ვირსალაძის წარმატების და საოცარი ნამუშევრების შექმნის მთავარი პირობა მაინც არის მისი უსაზღვრო სიყვარული ბალეტისა.სწორედ ამიტომ არის მის ნამუშევრებში კომპოზიციისა და ფერის ზუსტი გრძნობა,მუსიკალური დრამატურგიის ღრმა განცდა და გარკვეული სწორი ტონალობა რომელიც განსაზღვრავს მთელი სპეკტაკლის ხასიათს.
სოლიკო ვირსალაძე გამორჩეული იყო თავისი სრულყოფილი ხელოვნებით,მკაცრი გემოვნებით,შემოქმედებითი ფანტაზიით,დაუცხრომელი შემოქმედებითი ენერგიით მას "საბალეტო სამყაროს ჯადოქარს" უწოდებდნენ,მართლაც ჯადოქრობა ის საოცარი სინთეზი რომელიც იყო კოსტუმს,დეკორაციას,მუსიკას,ცეკვასა და შემსრულებელს შორის.( კიტი მაჩაბელი საბჭოთა ხელოვნება - 1984. - N11. - გვ.60-64)
მარიანა ოკლეი წერდა,რომ კოსტუმმა ხელი უნდა შეუწყოს მოცეკვავის თავისუფალ მოძრაობას,ცეკვის ნახატის გამოვლენას რასაც შესანიშნავად ახერხებდა სოლიკოს შექმნილი კოსტუმები.იგი ასევე აღნიშნავს,რომ მხატვარი სრულუფლებიანად უნდა მონაჭილეობდეს სპეკტაკლის შექმნაში,რათა გახდეს მისი კონცეფციის ერთ–ერთი თანაავტორი და არა უბრალოდ დეკორატორ–გამფორმებელი.(მარინა ოკლეი საბჭოთა ხელოვნება. - 1989. - N1. - გვ.100-111)
ალბათ სწორედ საკუთარი საქმის უსაზღვრო სიყვარულში და ერთგულებაში იყო სოლიკო ვირსალაძის მთავარი საიდუმლო,სწორედ ეს აძლევდა მას ძალას ყოველი დეტალი ყოფილიყო ერთმანეთან კავშირში და ამ დეტალების საოცარი გადაბმით ქმნიდა იგი იმ საოცარ მთლიანობას,რომელიც ატყვევებდა როგორც მაყურებელს,ასევე შემსრულებლებს.სოლიკო ვირსალაძემ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც შეძლო სახელის დამკვიდრება და საოცარი კვალი დატოვა თეატრალურ ხელოვნებაში.
რუკა სოლიკო ვირსალაძის შესახებ
No comments:
Post a Comment